2015 წლის 10 ოქტომბერს, წყალტუბოში, საერო საშუალო სკოლის “ოცნების” სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ,,ოცნების ხეივანი’’, ახალგაზრდების შეხვედრებისთვის და ღონისძიებებისთვის, წყალტუბოს სახალხო დღესასწაულზე ,,შემოდგომის წყალტუბო’’ საზეიმოდ გაიხსნა. ,,ოცნების ხეივანი’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ გახსნეს.
ღონისძიებას იმერეთის მხარის რწმუნებულ–გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები და ქალაქის სტუმრები და თემის წევრები ესწრებოდნენ. ნინო ბერეკაშვილი, სამოქალაქო კლუბის ,,ოცნების’’ მენტორი –პედაგოგი: ,,იმის გამო, რომ ქალაქში არ არსებობდა ღია სივრცე შეხვედრებისთვის, სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, შესაბამისი ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს.
გამგეობამ ,,ოცნების ხეივნისთვის’’ რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო ,,ივერიის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყო ადგილი. ‘’
,,ოცნების ხეივნის’’ გახსნის ღონისძიებაზე მოეწყო სამოქალაქო კლუბის ,,ოცნების’’ მუშაობის ამსახველი ფოტოების გამოფენა.
კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი: ,,ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის დავუჭიროთ მხარი მოსწავლეთა ინიციატივას, ამ სკოლის სამოქალაქო კლუბთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ზაფხულში მოსწავლეთა ინიციატივით და ჩვენთან პარტნიორობით მოეწყო კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, ,,ოცნების ხეივანშიც’’ ბევრ საინტერესო ღონისძიებას ველოდებით’’. ,,ოცნების ხეივნის’’ მოვლა–პატრონობასა და დასუფთავებაზე სამოქალაქო კლუბი იზრუნებს, ასევე კლუბის ინიციატივით ხეივანში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, ფილმების ჩვენებები, გამოფენები და სხვა ახალგაზრდული ღონისძიებები.