სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში რაჭალეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ლაჯანას და ჩხუტელის, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოინახულეს მათ სოფლებში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები, სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს და ეს დღე მათთან ერთად გაატარეს.
თიკო ლობჟანიძე, სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი: ,,ეს დღე იყო ყველაზე თბილი და პოზიტიური დღე ჩვენი კლუბის არსებობის მანძილზე. იმდენად დიდი ემოციებით ვართ დატვირთული, რომ, მე მგონი, უფრო ჩვენ, მოსწავლეებმა მივიღეთ მოხუცებულებისაგან სითბო და ენერგია, ვიდრე გავეცით;;.
1 ოქტომბერი, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ, 1990 წელს გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეაა გავაუმჯობესოთ ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხი.
პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. რაჭალეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი”.