2015 წლის 2 ოქტომბერს, ქუთაისის ქართულ–ამერიკულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ,,წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს’’ შემაჯამებელი ღონისძიება. კონკურსში მონაწილეობდნენ იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეები.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე 18 –მა ფინალისტმა წაიკითხა წერილები, რომელიც უცნობ აფხაზ თანატოლებს მისწერეს. სამი გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ჟიურის წევრები იყვნენ ზაზა ჩაჩავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთში, ციალა კოპალიანი – აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტი, ცირა ყურაშვილი – მწერალი. ზაზა ჩაჩავა: „მე ყოველდღიურად მიწევს მსგავს პროცესებში ჩართვა, მაგრამ ნაკლებად – ბავშვებთან.
ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე, მეტიც – ვიფიქრე, რომ ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამ თემაზე, რათა ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთი პოზიციების ჩამოყალიბება კონფლიქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ღონისძიება საფუძველია იმისა, რომ მომავალში გავაფართოვოთ, სხვა ფორმატით და მასშტაბებით ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, ამ თაობიდან ბევრ საინტერესო მიდგომას წავაწყდებით, რომელიც შემდეგ მაღალი პოლიტიკის რანგში იქნება აყვანილი“. პირველი ადგილის დიპლომი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეს ზვიად ქურდაძეს გადაეცა, მეორე ადგილზე ქუთაისის 38–ე საჯარო სკოლის მოსწავლე მათე წირთვავა გავიდა, ხოლო მესამეზე – ზონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლე ნინო ნაჭყებია. ზვიად ქურდაძე, კონკურსის გამარჯვებული: „რაც გულში მქონდა, რამდენიმე სიტყვით ამ თემაში გადმოვეცი, დავანახე საზოგადოებას, თუ რა არის ჩვენთვის აფხაზეთი… მიუხედავად იმისა, რომ მე აფხაზეთის ამბებს არ მოვსწრებივარ, მინდა ემოციურად ვთქვა ის, რაც აფხაზეთს ეხება და იმედით ვუყურო მომავალს“. კონკურსში ,,წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს’’ 35 მოსწავლე მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში რჩეული წერილების აუდიო ვერსიები ჩაიწერება, აუდიო დისკები აფხაზეთში წერილების ავტორების თანატოლებს გაეგზავნებათ. პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი”.