2015 წლის 22 სექტემბერს, ახალციხეში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა საინფორმაციო აქცია – დღე ავტომობილის გარეშე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. აქციამდე ერთი კვირით ადრე, ადგილობრივი მედიის საშუალებით, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია აღნიშნული აქციის შესახებ.

სწორედ ამიტომ, მსვლელობას შეუერთდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი მედიის – ტელეკომპანია მე-9 არხის, რეგიონალური გაზეთის „სამხრეთის კარიბჭე“, არასამთავრობო ორგანიზაციის – „დემოკრატ მესხთა კავშირი“ წარმომადგენლები, ახალციხის N6 და N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები, კურსდამთავრებულები და ახალციხის მოსახლეობა. „ძალიან საინტერესო დღეა, ეს დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

აქციის მიზანია გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან. ადამიანები ავტომობილების გამონაბოლქვის ნეგატიურ ზეგავლენაზე უნდა დაფიქრდნენ და ალტერნატიული გზა გამოძებნონ.

დღეს მე აქციის მონაწილე ვარ და მოქალაქეებს მოვუწოდებ ერთი დღე ორბორბლიანი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაონ,“ – ამბობს აქციის მონაწილე ა/ო „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე. მოსწავლეებმა აქციის დროს ჩაიწერეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ინტერვიუ-მიმართვები.