ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის მიერ, პროგრამა ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი, რომლის  მიზანი იყო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. სკოლის ეზოს მოწესრიგების ინიციატივას მხარი დაუჭირეს, როგორც სკოლის ადმინისტრაციამ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, თემის წევრებმა და მოსწავლეების მშობლებმა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყო ინერტული მასალა სკოლის ეზოს რეაბილიტაციისათვის,  ასევე სკოლას გადაეცა ეზოს სკამები და ნაგვის ურნები. ადგილობრივი ბიზნესის, შპს „გუგული“ წარმომადგენლებმა სპორტული მოედნისთვის სპორტული ინვენტარი გადასცეს სკოლას.

სკოლის ეზოს რეაბილიტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა მშობლებმაც მიიღეს, როგორც ფინანსურად, ასევე, ჩაერთნენ სარემონტო სამუშაოებში. ერთ-ერთმა მშობელმა, მოსწავლეებს დახმარება გაუწია საყვავილეების და  სკვერის მოწყობაში.

ხოლო გრანტის თანხით სკოლის ეზოს შესასვლელში დაიგო ასფალტის საფარი  და დაიდგა ეზოს სკამები. ,,სკოლის ეზო კარგა ხანია განახლებას საჭიროებდა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის აქტიურობის და მცირე გრანტის პროექტის შედეგად  საშუალება მოგვეცა ჩვენი სკოლის ეზო მოგვეწესრიგებინა. პროცესებში ჩართული იყვნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. ასევე, სხვადასხვა კერძო კომპანიები და გამგეობა აქტიურად დაგვიდგნენ მხარში. პროექტი მიმდინარეობდა საზაფხულო არდადეგების დროს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს დახვდათ ლამაზი და კეთილმოწყობილი სასკოლო გარემო“ -აღნიშნა ჭიკაანის სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ევა ბეგაშვილმა.