2015 წლის 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების – ძველის, სვირის, მუსხის, ზიკილიის, ფერსის და გურკელის საჯარო სკოლების 15 მოსწავლე ესწრებოდა.

შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ ჩაფიჩაძე. „სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად ვიმსჯელეთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, განვიხილეთ სხვადასხვა სამოქალაქო ჩართულობის მაგალითები და სამომავლო გეგმები დავსახეთ“ – სთქვა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ჩაფიჩაძემ შეხვედრის დასასრულს.

„საინტერესო და დროული იყო დღევანდელი შეხვედრა, გავიგეთ თუ როგორ უნდა გამოვავლინოთ ჩვენს თემში არსებული პრობლემები და რა ღონისძიებების გატარება შეგვიძლია ახალგაზრდებს“- სთქვა დიანა ინასარიძემ, მუსხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა. დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებმა დაგეგმეს ურაველის ხეობაში ეკო-აქციის მოწყობა, რაც გულისხმობს ურაველის ხეობის მდინარის ნაპირების დასუფთავებას, საინფორმაციო ბანერების განთავსებას და საბანაოდ საშიშ ზონებში გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას.