გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მე- 10 კლასის მცირე გრანტის პროექტი „ნათელი მომავალი“ მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებას ოჯახური ძალადობის შესახებ. მოსწავლეთა ინიციატივა მოტივირებული იყო იმით, რომ სოფელში ხშირი იყო ოჯახური ძალადობის ფაქტები.
პროექტის ფარგლებში მომზადდა კითხვარი, გამოიკითხა 100 ადამიანი თემში და ჩატარდა გამოკითხვის ანალიზი. დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები ოჯახური ძალადობის თემაზე და დარიგდა თემსა და სკოლაში.
მოეწყო შეხვედრები ფსიქოლოგთან და იურისტთან, გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა დაწერეს სცენარი და დადგეს სპექტაკლი, რომელიც ოჯახურ ძალადობას ასახავდა, სპექტაკლის შემდეგ გაიმართა განხილვა.
მომზადდა და გამოიცა გაზეთი, რომელიც ასახავდა პროექტის მსვლელობას, მის შედეგებს და ამ პროცესში გადაღებულ ფოტომასალას. ლელა კობახიძე, სკრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი – „მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის განხორციელების პროცესში, ამან განაპირობა ის, რომ პროექტის მიზანი მიღწეულია, თემში ამაღლდა ცნობიერების დონე და ინფორმირებულობა ოჯახური ძალადობის შესახებ, ხოლო სკოლის მოსწავლეებში გაიზარდა ცოდნა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საკითხებში – რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ვის უნდა მიმართონ და როგორ იცავს პიროვნებას კანონი ოჯახური ძალადობის დროს“.