თბილისის №127 საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტის მიზანი სკოლის ეზოში სკვერის მოწყობა და სკოლაში მოსწავლეებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა გახლავთ. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.

მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთობლივი ძალისხმევით დასუფთავდა სკოლის ეზო. ერთერთმა მშობელმა მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადასცა სასუქი, რომლითაც დამუშავდა დასუფთავებული ნიადაგი.

ნიადაგის მომზადების შემდეგ დაიწყო ნერგების დარგვა, ამ პროცესში №127 სკოლის მოსწავლეებს თემის წარმომადგენლებიც დაეხმარნენ. ასევე, მშობლების დახმარებით სკვერში გაიყვანენ წყალს და შემდგომ დასრულდება შადრევანის დამონტაჟების სამუშაოები.

№127 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლიანა თვალავაძე ადვოკატირების პროცესს აწარმოებს კრწანისის გამგეობასთან და მათი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რათა მოსწავლეების მიერ შექმნილ სკვერში დაიდგას სკამები. სკოლაში აღდგენილი სკვერით ისარგებლებენ პედაგოგები, მოსწავლეები და თემის წევრები.