ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,რტო;; წევრებმა საინტერესო პროექტი, სახელწოდებით ,,პატივი ვცეთ ჩვენს სიძველეებს;; წარმატებით განახორციელეს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანი სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია გახლდათ.
პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩოლურის თემში შემავალ სოფლებში (საყდარი, მუწდი , მაამი, ტვიბი, ლეუშერი) არსებულ ისტორიულ ძეგლებამდე, რომლებიც VI-X საუკუნეებით თარიღდება, მისასვლელი არც გზა იყო მოწესრიგებული, არც ნიშნები არსებობდა, რომელიც ტურისტებს ძეგლების მდებარეობას და მათ მოკლე ისტორიას ამცნობდა. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს, როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
საინფორმაციო ბანერების დამზადებაში მოსწავლეებს დახმარება შპს ,,ავტოგზა ლენტეხი 99;; წარმომადგენლებმა გაუწიეს. პროექტის განხორციელება ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით დაიწყო.
ამ საქმეში მოსწავლეებს სოფლის ახალგაზრდობამაც აუბა მხარი. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე ,,სვანეთის ისტორიული სიძველეები;;. ,,ავტოგზა ლენტეხი 99;; ის ფინასური მხარდაჭერით დამზადებული ბანერები ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების დამონტაჟება სთხოვეს, დღეს უკვე ეს თხოვნა დაკმაყოფილებულია. მოსწავლეები ამჟამად ფილმზე მუშაობენ, სადაც სოფელ ჩოლურის ისტორიული ძეგლების შესახებ დეტალურად იქნება მოთხრობილი. ფილმს სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელებენ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ სოფელში არსებული ძეგლების შესახებ. ბაკურ მუკბანიანი, სამოქალაქო კლუბის ,,რტო;; ლიდერი: სექტემბრიდან უკვე ვიზრუნებთ ისტორიულკულტურულ ძეგლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებაზე. გვინდა, ჩვენი ინიციატივით და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, აღვადგინოთ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სხვადასხვა ისტორიული ძეგლები, გადაიხუროს ჩვენს სოფელში არსებული ერთადერთი დარბაზული ტიპის სახლი. სურვილი გვაქვს ადგილობრივი ექსპონატების ბაზაზე გაიხსნას მუზეუმი, რაც ტურისტების მოზიდვის ერთერთი რეალური გზა იქნება“.