ნიჩბისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,სუფთა სოფელი“. პროექტი სათემო პრობლემის – სოფლისა და გარემოს დაბინძურების მოგვარებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, მასში მეცხრე კლასის 14-ვე მოსწავლე იყო ჩართული, როგორც ეკოკლუბის წევრი.

ეკოკლუბმა მოამზადა პრობლემის ამსახველი მასალა, პრეზენტაციები გარემოს დაცვის საკითხებზე და სოფლის მოსახლეობას შეხვედრაზე წარუდგინა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოუწოდეს თემის წევრებს მათთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა სოფლის დასუფთავების აქციაში.

შეხვედრას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნი დავით პაპიაშვილი ესწრებოდა. მან მოიწონა მოსწავლეთა ინიციატივა და აქციისათვის ხელთათმანები და სანაგვე პარკები შეუძინა.

აქციის ორგანიზებისათვის მონაწილეებმა აქტიურად გამოიყენეს სოციალური ქსელები. 21 მაისს გამართული აქციის შედეგად დასუფთავდა სოფლის ტერიტორია და მდინარე ნიჩბურას ხეობა. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა ინიციატივით სოფელში ჩატარდა სასმელი წყლის კვლევა. ჰიგიენის ინსტიტუტის შესაბამისმა ლაბორატორიამ დაასკვნა, რომ სოფლის სასმელი წყალი სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ამ საკითხის მოგვარება, ასევე აქტუალური გახდა თემისთვის. პროექტის ფარგლებში დამზადდა ბანერები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდა და მოუწოდებდა მოსახლეობას არ დაანაგვიანონ გარემო. ბანერების დამზადების ხარჯები თემის საკრებულომ გაიღო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ გაწეულ საქმიანობას კვლავ მხარი დაუჭირა ნიჩბისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბ-ნმა დავით პაპიაშვილმა. მისი დახმარებით სოფელში დაიდგა დამატებითი ნაგვის ურნები, გაუმჯობესდა ნარჩენების გატანის საკითხიც. „როდესაც შევიტყვე პროექტის შესახებ, განსაკუთრებით მომეწონა სლოგანი ,,ნიჩბისი ჩემი სახლია“. ახალგაზრდებმა უფროსებზე მეტი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნეს, პროექტმა დააფიქრა უფროსები იმაზე, რომ თემზე ყველამ უნდა იზრუნოს. ვიცი, ეს ბავშვები არ გაჩერდებიან, არც ჩვენ ვაპირებთ გაჩერებას. ნიჩბისისათვის უკვე გამოყოფილია თანხა და მოხდება წყლის რეზერვუარებისა და წყლის სისტემის მოწესრიგება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ასე რომ, ეს ცვლილებაც უახლოეს მომავალში განხორციელდება და სკოლას და სოფელს ჯანსაღი წყალი ექნებათ,“- სთქვა ბ-ნმა დავით პაპიაშვილმა პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.