სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების 24-მა მოსწავლემ ერთკვირიანი მედია სტაჟირება დამოუკიდებელი გაზეთის “P.S.” მედია სკოლაში გაიარა. სტაჟირების პირველ დღეს მონაწილეებმა გაზეთი ,,P.S.’’-ის რედაქცია დაათვალიერეს.
მათ ჩაუტარდათ მინი ლექცია მედიის დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ. სტაჟირების მეორე დღეს მოსწავლეები რადიო ,,ძველი ქალაქის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ფანცხავას და ტელეკომპანია ,,GDS”-ის გადაცემა ,,2030”-ის კორესპონდენტს იმერეთის რეგიონში, თორნიკე ხურციძეს შეხვდნენ.
ჟურნალისტები მოსწავლეებს მედიის ძირითად საკითხებსა და პრინციპებზე ესაუბრნენ, უპასუხეს სტაჟირების მონაწილეთა შეკითხვებს. იმავე დღეს, გაზეთი ,,P.S.”-ის მედია სკოლის მონაწილეები, სასწავლო ვიზიტით ტელეკომპანია ,,მეგა TV”- ში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს სტუდიები, შეხვდნენ ,,მეგა TV”-ის ჟურნალისტებს, რომლებმაც მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
მესამე დღე სოციალურ მედიას დაეთმო. პროგრამის სოციალური მედიის რეგიონალურმა კოორდინატორმა მარიამ ქველიაშვილმა ვიდეო ადვოკატირების ტრენინგი ჩაატარა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ვიდეო ადვოკატირებისა და ზოგადად, სოციალური მედიის მნიშვნელობის შესახებ. პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით ისწავლეს ვიდეო გადაღება და მონტაჟი, გადაიღეს სიუჟეტები. მომდევნო დღე დებატების ხელოვნებას დაეთმო, პროცესს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები გაეცნენ დებატების წესებს. პრაქტიკულად გაიარეს კომუნიკაციისა და არგუმენტირებული მსჯელობის საკითხები. მოეწყო დებატები თემაზე „მასმედიის ცენზურა გამართლებულია“. პარალელურად, სტაჟირების მონაწილეები ამზადებდნენ სტატიებს, იღებდნენ ინტერვიუებს ცნობილი ხელოვანებისა და სპორტის წარმომადგენლებისგან, პარლამენტის წევრებისგან და საჯარო მოხელეებისგან. აღნიშნული სტატიები განთავსდა გაზეთის ვებ გვერდზე WWW.PSNEWS.GE . ნუცა ჩხობაძე, ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლე: ,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს სტაჟირება, ბევრი რამ ვისწავლე, ნამდვილ ჟურნალისტად ვიგრძენი თავი, საოცარი გრძნობაა, როცა სტატიაზე მუშაობ, ფიქრობ რა და როგორ დაწერო“. სტაჟირების ბოლო დღეს მონაწილეებს გაზეთი ,,P.S.’’-ის მთავარი რედაქტორი ნატო გუბელაძე შეხვდა და მოსწავლეებს მედიის მნიშვნელობაზე, სტანდარტებსა და ეთიკაზე ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სტაჟირების გავლის სერტიფიკატები გადაეცათ. ,,მიხარია, რომ მოსწავლეებმა ჩვენს გაზეთში გაიარეს პირველი სტაჟირება. პირველი სტატიები უკვე დაიდო ჩვენს ვებ გვერდზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, ‘’ – ნატო გუბელაძე, გაზეთი ,,P.S.“-ის რედაქტორი.