2015 წლის 21-25 ივნისს, დაბა ბაკურიანში, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში ჩატარდა „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2015“. ბანაკის მონაწილეები იყვნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების 80   მოსწავლე და  სამოქალაქო განათლების 11 პედაგოგი საქართველოს თერთმეტი რეგიონიდან.

ბანაკის ორგანიზატორი იყო სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. სიქას ტრენერთა გუნდმა მონაწილეებს ჩაუტარა ტრენინგები სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობისა და მოხალისეობის თემაზე.

ბანაკის მსვლელობის დროს მოწვეული სტუმრის სტატუსით ბანაკს ეწვივნენ: 

შსს -ს ბორჯომის საგანგებო სიტუციების მართვისა და სახანძრო დაცვის სამსახურის  ინსპექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი  რობერტ მაისურაძე, მაშველ – მეხანძრეები: ვასილ და  ვაჟა კევლიშვილები და დავით პეტროსიანი. მათ  ჩაატარეს სემინარი  და პრაქტიკული სავარჯიშოები საგანგებო სიტუაციებში ევაკუაციის დროს ქცევის შესახებ.

23 ივნისს ბანაკს ესტუმრა კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი. წარმატებულ მეწარმესთან მოეწყო კონფერენცია – დიალოგი მეწარმეობის, ბიზნესის და ზოგადად, წარმატებული საქმიანობის შესახებ: თუ რა უნარები არის საჭირო ამ სფეროებში წარმატების მისაღწევად, რა შიდა და გარე ფაქტორები ახდენენ გავლენას წინსვლაზე. მოსწავლეებმა უამრავი კითხვა დაუსვეს სტუმარს. 24 ივნისს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს ეწვივნენ  PH International-ის აღმასრულებელი დირექტორი ენ მარტინი, პროგრამის “მომავლის თაობა” დირექტორი  მარინა უშვერიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მანანა ყუბანეიშვილი, ტელეკომპანიის “ერთსულოვნება” ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფი. ბანაკის მონაწილეთა გუნდებმა სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაციები თემაზე “რატომ უნდა ისწავლებოდეს სამოქალაქო განათლება”. სტუმრებმა მოიწონეს გუნდების მიერ შექმნილი წარმოდგენები, მადლობა გადაუხადეს ბანაკის ორგანიზატორებს და ტრენერთა გუნდს გადასცეს ტრენინგ-ბანაკის მონაწილეთა სერტიფიკატები. ბანაკის დასრულების შემდეგ, მონაწილეები თანატოლებს და კოლეგებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას, დაეხმარებიან მათ აიმაღლონ სამოქალაქო განათლების დონე და მეტი ინტენსივობით განახორციელონ სამოქალაქო აქტივობები. სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობა” ხორციელდება ამერიკული ორგანიზაციის PH International მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.