სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „ჯანსაღი მომავლისათვის“ წარმატებით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.

პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, აღიჭურვა სპორტული ინვენტარით და დამონტაჟდა განათების სისტემა. მოსწავლეებსა და თემის წარმომადგენლებს, ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე „ცხოვრების ჯანსაღი წესი“.

მოსწავლეებმა სტუმრად მოიწვიეს ექიმი, რომელიც ესაუბრა მათ ნარკოტიკის, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი კალათბურთში და სირბილში პარტნიორი სკოლების მონაწილეობით, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებთან. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 1000 ლარი გადაურიცხა სკოლას სპორტული მოედნის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველომ“ 730 ლარის ღირებულების ინერტული მასალა უსასყიდლოდ გადასცა სკოლას, ასევე ადგილობრივმა ბიზნესმენმა ლადო კვარაცხელიამ 540 ლარის სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცა და გამოთქვა მზაობა მსგავსი ტიპის პროექტებში აქტიური ჩართულობისა. საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხა“ გააშუქა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. ჯგალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები გეგმავენ ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ჩაატარონ სპორტული შეჯიბრებები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის და გამარჯვებულ გუნდს გადასცენ გარდამავალი პრიზი. მოსწავლეების ინიციატივით აღდგენილ სპორტულ მოედანზე გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, როგორც სკოლის მოსწავლეების, ასევე თემის წევრების მონაწილეობით.