2015 წლის 4 ივნისს, ოზურგეთში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პროგრამის მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდული რესურსცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ღლონტმა.

რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთა ფორუმის კოორდინატორმა ვლადიმერ აფხაზავამ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებული ინიციატივების პრეზენტაციები წარმოადგინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის, სოფელ ოზურგეთის, ურეკის, კონჭკათის, ქვედა ბახვის, მაკვანეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარისა და საჭამიასერის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მცირე გრანტის პროექტის შესახებ ისაუბრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლემ. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ერთობლივი ინიციატივის ,,სოფლის პრობლემების კვლევა“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ამსახველი ფოტომასალა.

დამსწრე აუდიტორიას, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ გამოვლენილ პრობლემებს. როგორც ფოტოების ავტორებმა აღნიშნეს, ისინი იმედოვნებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შემდეგი შეხვედრისთვის უკვე მოგვარებული პრობლემების ამსახველ ფოტომასალას წარმოადგენენ. შეხვედრის დასასრულს საოფისე ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ სასკოლო სამოქალაქო კლუბებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე, სერთიფიკატები და პრიზები გადაეცათ სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს, აქტიურ მოსწავლეებს და პედაგოგებს. პროგრამის მუშაობა დადებითად შეაფასეს მოწვეულმა სტუმრებმა -ადგილობრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა. პროგრამის ,,მომავლის თაობა“ წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში.