2014 წლის 21 აპრილს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ვიქტორინა თემაზე „ჩვენ და სამოქალაქო განათლება“, რომელიც სკოლაში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პოპულარიზაციას და გაკვეთილზე ნასწავლი მასალის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისგან შემდგარი გუნდები.

ვიქტორინის კითხვები შედგებოდა სამოქალაქო განათლების საკითხებისგან, კაზუსებისგან და ლექსიკონისგან. ვიქტორინას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის შიდა ქართლის კოორდინატორი ლელა წურწუმია, მოსწავლეთა ცოდნას ობიექტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი, იურისტი მაია გრძელიშვილი, ორგანიზაცია „ქართული მედია ჯგუფის“ წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი და პედაგოგი მაგული სეხნიაშვილი.

ჟიურის წევრები აფასებდნენ გუნდებს ქულებით, თითოეული კითხვის ირგვლივ შესაბამის განმარტებებს და სწორ და ამომწურავ ინფორმაციასაც აწვდიდნენ მოსწავლეებს. გამარჯვებული, სოფელ გარეჯვრის სკოლის გუნდის წევრები, მწერალ დათო ტურაშვილის წიგნებით დააჯილდოვეს, ვიქტორინის თითოეულ მონაწილეს სიგელები გადაეცა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განყოფილების უფროსმა ბ-ნმა დიმიტრი გოგიაშვილმა ყველაზე აქტიური და წარმატებული მონაწილე „მსოფლიოს ატლასით“ დააჯილდოვა და ღონისძიება ასე შეაფასა: „მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო განათლებაში ცნობიერების გაზრდას. ახალგაზრდები ჩვენი მომავალია, შესაბამისად რაც მეტი განათლებული, მიზანმიმართული და აქტიური ახალგაზრდა გვეყოლება, მით უფრო კარგი მომავალი გვექნება, რადგან ქვეყანა ნიჭიერი ახალგაზრდების გარეშე ვერ განვითარდება“