2015 წლის 21 აპრილს, ქ. თბილისის №150 საჯარო სკოლაში გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გადაცემა.
მოსწავლეებს და პედაგოგებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ. სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ და „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს მასშტაბით 480 სკოლას, თითო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
სახელმძღვანელოები დაეხმარება მოსწავლეებს კარგი მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასწავლის მათ, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა თავიანთი სკოლის, ქალაქისა თუ სოფლისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში და როგორ მიაწვდინონ ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს – სთქვა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა. ღონისძიების მსვლელობისას თბილისის №150 სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ საზოგადოების სასარგებლოდ განხორციელებული ინიციატივების პრეზენტაცია.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ქ. თბილისის №150 საჯარო სკოლის დირექტორმა ბ-ნმა ირაკლი მექვევრიშვილმა, მან მადლობა გადაუხადა პროგრამას „მომავლის თაობა“ მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. სახელმძღვანელოები შეიქმნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამა ორგანიზაცია PH International-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების ამსახველი ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული.