სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტი „ვიმოქმედოთ ახალგაზრდებმა – განვავითაროთ ჯანსაღი ცხოვრების უნარები“ ახალგაზრდებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარები და ჩაატარეს გამოკითხვა მოზარდებში.
გამოკითხვის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების დონის დადგენა იყო. გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რა არის ჯანსაღი კვება, მავნე ჩვევები და სხვა.
შემდეგ, სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, რომელიც აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ტრენერებმა ჩაატარეს. ტრენინგზე ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და სწორ კვებაზე.
ტრენინგს 23 მოსწავლე, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია დაესწრო. მოსწავლეები გეგმავენ შეხვედრას ექიმთან – ორგანიზაცია „თანადგომის“ დირექტორთან ქ-ნ ნათია ხარატთან. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები მოამზადებენ საინფორმაციო ბროშურებს, პოსტერებს და მოაწყობენ საინფორმაციო აქციას თემში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების მიზნით.