2015 წლის 17-18 მარტს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების თემაზე გამოცემული ლიტერატურის და ლექსიკონების ელექტრონული ვერსიების წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე უძღვებოდა.

ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს გააცნეს სამოქალაქო განათლების თემაზე გამოცემული ლიტერატურის ონლაინ კრებული სახელწოდებით “მამარდაშვილი”, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ლექსიკონთა ერთიანი ბაზა და მასში შემავალი სამოქალაქო განათლების ლექსიკონები. დაწვრილებით ახსნეს მათი მნიშვნელობა სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში, გამოყენების წესები და საშუალებები.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობამ მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრებს თბილისის რეგიონის 26 სკოლის 84 მოსწავლე და 14 პედაგოგი დაესწრო.

„ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მოვისმინეთ, რაც აუცილებლად გამოგვადგება სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე“-განაცხადა №186 საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი მანაგაძემ.