2015 წლის 9-13 მარტს კოხნარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის ,,ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში სკოლასა და თემში კვლევა ჩაატარეს. კვლევა ითვალისწინებდა ახალგაზრდების ინფორმირების დონის დადგენას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე იმის გამორკვევას, თუ რამდენად აქტიურად მისდევენ ისინი ცხოვრების ჯანსაღ წესს და რა აფერხებს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.
კვლევა ჩატარდა კოხნარის თემში შემავალ შემდეგ სოფლებში: წიფნარი, ბურნათი, ნაკადული და კოხნარი. გამოიკითხა 13-დან 25 წლამდე 55 ახალგაზრდა, რაც თემში მაცხოვრებელ ახალგაზრდათა დაახლოებით 65%-ს შეადგენს.
გამოკითხული ახალგაზრდებიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის არსისა და პრინციპების შესახებ ინფორმირებულია 42%, ნაკლებად ინფორმირებულია 54%, ხოლო 14% საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას. გამოკითხულთაგან 34,5% რეგულარულად ან პერიოდულად მისდევს სპორტის რომელიმე სახეობას (სპორტის სახეობებში ფეხბურთი ლიდერობს), 65,5% კი – საერთოდ არ ეწევა სპორტულ ცხოვრებას.
რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომელიც ახალგაზრდების სპორტულ აქტივობას აფერხებს, აქ გამოიკვეთა სოფლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობა, ასევე თავისუფალი დროის სწორად ორგანიზების პრობლემა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სამოქალაქო კლუბის წევრები გეგმავენ ლიფლეტების მომზადებას და თემში გავრცელებას, რათა მოხდეს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. ასევე იგეგმება სპორტული ღონისძიებების მოწყობა, რომელშიც ჩაერთვებიან მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებიდან.