თბილისის №29 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „XXI საუკუნის თაობა“ წევრები ახორციელებენ მცირე საგრანტო პროექტს სახელწოდებით „ ძალადობის პრევენცია“, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და თემის ინფორმირება ძალადობის ფორმებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაიღეს თემატური ვიდეო რგოლი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს, შემდეგ კი სოციალური ქსელით გაავრცელეს. ვიდეო რგოლის გადაღებას ესეების კონკურსი და ღია გაკვეთილი მოჰყვა.
ღია გაკვეთილი თემაზე – „ძალადობა და თანადგომა ქართულ მწერლობაში“ სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ასევე, სკოლის პედაგოგების დახმარებით გამოვლინდნენ ესეების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები.
აღნიშნული აქტივობების შედეგად გაიზარდა სკოლის მოსწავლეების ინტერესი და ჩართულობა მცირე გრანტის პროექტის საქმიანობაში
. შემდეგ, სკოლაში აქცია – „ ცოცხალი ჯაჭვი“ გაიმართა. აქციაში, რომლის დევიზი იყო „ნუ გახდები ძალადობის მონაწილე! ეს დანაშაულია“, სკოლის 8-12 კლასის 250-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ სკოლის შენობაში სამივე სართულზე ჯაჭვი შეკრეს. აქცია მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეების ერთიანობისა და სოლიდარობის წარმოჩენას ძალადობის წინააღმდეგ. უახლოეს მომავალში, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ხალხმრავალ ადგილას, ოჯახური და არასრულწლოვანთა შორის ძალადობის შესახებ მცირე წარმოდგენის გამართვას აპირებენ, რათა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა პრობლემის მოგვარების პროცესში.