ქუთაისში პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში მოსწავლეთა ინიციატივით და მონაწილეობით ქალთა კვირეული ჩატარდა. სამოქალაქო კლუბის წევრები ფემინისტ მხატვარს ლია უკლებას შეხვდნენ, რომელიც მოსწავლეებს საკუთარ შემოქმედებასთან ერთად გენდერულ თანასწორობაზე, ქალის და მამაკაცის თანაბარ უფლებებსა და ყველა სფეროში თანასწორ მონაწილეობაზე ესაუბრა.
,,ეს ჩვენი თაობის გადასაჭრელი ამოცანაა და ერთად უნდა გადავჭრათ, თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, ჩვენ შვილებს კვლავ ექნებათ ეს პრობლემები, მერე ჩვენს შვილიშვილებს და ასე შემდეგ… ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესებში მიწევს აქტიური მონაწილეობა“ – განაცხადა ლია უკლებამ.
კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდა გენდერულ თემატიკაზე შექმნილი სლოგანის კონკურსი. კონკურსში იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები მონაწილეობდნენ.
ჟიურიმ, რომლის ერთ–ერთი წევრი ლია უკლებაც იყო, სამი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულებს პრიზები და დიპლომები გადაეცათ. კვირეულის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წევრები სასწავლო ვიზიტით რადიო ,,ძველი ქალაქის’’ გენდერულ მედია ცენტრში იმყოფებოდნენ. რადიოს პროგრამების დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი გენდერული მედია ცენტრის დანიშნულებაზე და მიზნებზე ესაუბრა მოსწავლეებს.