ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი ,,წყალი-სიცოცხლე“ განახორციელეს. სოფელ გუთურში არ არის ცენტრალიზებული წყალსადენი და მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს.

რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ჭის წყალი სასმელად უვარგისია, თუმცა მოსახლეობა იძულებულია ის მაინც მოიხმაროს. მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების მიზნით  მოიწვიეს იმ სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ ამ კუთხით დახმარების, ან რეკომენდაციის გაწევა.

ა.წ. 26 თებერვალს სოფელ გუთურის ტერიტორიული ორგანოს შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ სოფელ გუთურის დეპუტატი ლაშა თოლორდავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, სოფლის რწმუნებული გია პაიჭაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნატო ჯიბუტი,  სურსათის უვნებლობის, ადამიანთა, მცენარეთა და ცხოველთა დაცვის სამსახურის უფროსი ლევან კეკელიძე, ექიმი ენდოკრინოლოგი იზო ცინცაძე და სოფლის მოსახლეობა, 25 ადამიანი.

შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა სტუმრებს პრობლემა გააცნეს, შემდეგ კი სიტყვა მოწვეულ სტუმრებს გადასცეს. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნატო ჯიბუტმა განაცხადა, ცენტრალიზებული წყალსადენის მოწყობისთვის საჭირო სახსრებს ვერც მუნიციპალური ფონდი და ვერც სოფლის განვითარების პროგრამა გაწვდება. მოსახლეობას ისღა დარჩენია, მოუაროს არსებულ ჭებს და მათი დაქლორვა-დეზინფექციის გზით მოახერხონ – გახადონ წყალი ჯანმრთელობისთვის უვნებელი. ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა მზადაა, დააფინანსოს სკოლის ეზოში არსებული ჭის წყლის ბაქტერიოლოგიური შემოწმება და მისი ამორეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები. მოსწავლეებმა დაგეგმეს მოსახლეობის ინფორმირება ჭების მოვლა-პატრონობისა და დეზინფექციის აუცილებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-მა ადამიანმა.