2015 წლის 3 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბ–ნმა რიჩარდ ნორლანდმა შიდა ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების კონკურსის „ქალი აქტიური მოქალაქე“ მონაწილე საუკეთესო თხზულებების ავტორები დააჯილდოვა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას გორის მერი, შიდა ქართლის გუბერნატორი,  გორის საკრებულოს თავმჯდომარე,  მოსწავლეები, პედაგოგები,  გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების  და მედიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

შეხვედრა პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ–ნმა მარინა უშვერიძემ გახსნა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი  ღონისძიებები კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბ–ნმა რიჩარდ ნორლანდმა.

მან ხაზი გაუსვა, თუ  რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის  ქალთა ჩართულობა  სამოქალაქო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მოსწავლეების მიერ გადაღებული ანიმაციური და ვიდეო ფილმების ნახვის, დისკუსიის  და კონკურსში გამარჯვებული  თემის პრეზენტაციის  შემდეგ, ბ–ნმა რიჩარდ ნორლანდმა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით და პრიზებით დააჯილდოვა.

შეხვედრის ბოლოს ქ.გორის მერმა ბ–ნმა  ზურაბ ჯირკველიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და მოსწავლეებს საინტერესო შეხვედრისთვის და სთქვა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და საკრებულო მზად არიან მხარი დაუჭირონ მოსწავლეთა ინიციატივებს და ითანამშრომლონ მათთან. სასკოლო სამოქალაქო კლუბების კონკურსი „ქალი აქტიური მოქალაქე“ და დასკვნითი საზეიმო შეხვედრა გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია ა/ო საზოგადოება „ბილიკი“.