2015 წლის 26 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ონლაინ კონფერენცია სამოქალაქო განათლების თემატიკაზე. კონფერენციის სტუმრები იყვნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები: ქ-ნი მონიკა გორზელანსკა – პროგრამის ოფიცერი და ქ-ნი შამენა გალი – სოფლისმეურნეობის ოფიცერი.

ონლაინ კონფერენციის  განმავლობაში ქ-ნი შამენა და ქ-ნი მონიკა  პასუხობდნენ  აუდიტორიაში მყოფი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების და SKYPE-ის მეშვეობით  მიღებულ საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს. სტუმრებმა აგრეთვე, მოსწავლეებს  საკუთარი მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილება გაუზიარეს.

მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ეხებოდა აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების და მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესში. მოსწავლეები ასევე, დაინტერესდნენ არსებობს თუ არა მათი ქვეყნების სკოლებში სამოქალაქო კლუბები და როგორია მათში მოსწავლეთა ჩართულობა, როგორია გენდერული თანასწორობა, არის თუ არა  პოპულარული და არაპოპულარული პროფესიები მათ ქვეყნებში და როგორ ზეგავლენას ახდენს ეს  სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე.

სულ კონფერენციაში 180-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ონლაინ კონფერენცია გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International,   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.