2015 წლის 2 თებერვალს ქ.თბილისის N150 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს ინიციატივა სახელწოდებით “დაიცავი თავი საფრთხისაგან. პროექტის მიზანი საგზაო წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება გახლდათ.

ინიციატივის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მეშვეობითაც აღმოაჩინეს, რომ საგზაო მოძრაობის წესებს მძღოლების გარდა, ფეხით მოსიარულეებიც ხშირად არღვევდნენ. სწორედ ამიტომ, №150 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ საინფორმაციო კამპანია.

აქცია 2 თებერვალს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე შუქნიშანთან გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის მსვლელობისას მოსწავლეებმა ყველა იმ ადამიანს, ვინც არასწორედ გადმოკვეთა გზის სავალი ნაწილი, კლუბის წევრების მიერ დამზადებული საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.

ფლაერები მოსახლეობას საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. კამპანიის განხორციელების დროს მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო რგოლი, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.