2015 წლის 13 თებერვალს, აჭარის სამოქალაქო კლუბების წევრები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ ირაკლი ჩავლეიშვილს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ საკრებულოს სტრუქტურის და დაგეგმილი სამუშაოების გაცნობის მიზნით. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საკრებულოში მოქმედი კომისიების და ფრაქციების მუშაობის სფეროებს და განხორციელებულ საქმიანობას.
საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს გააცნო საზოგადოების ადგილობრივ თვითმართველობასთან კომუნიკაციის გზები, ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობას. საკრებულოს წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს კლუბის წევრების მიერ დასმულ კითხვებს.
მოსწავლეებმა შეხვედრაზე მათ თემში და სკოლაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დაასახელეს სკოლებთან მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნების პრობლემა, რაზეც წერილობით მიმართვას გეგმავენ ბათუმის მერიასა და საკრებულოში.
საკრებულოს წარმომადგენლები დასახელებულ პრობლემაზე მყისიერ რეაგირებას დაპირდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოსწავლეებს ასევე გააცნო სხდომაზე დასწრების წესები და გამოთქვა მზაობა მოსწავლეების მონაწილეობით მოდელირებული საკრებულოს სხდომის ჩატარებაზე, სადაც მოსწავლეთა მიერ ადვოკატირების თემაზე შექმნილი ვიდეორგოლების განხილვა მოეწყობა. შეხვედრა მეტად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრაზე დასმული საკითხები აქტუალური იყო, როგორც სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის, ასევე, საკრებულოს წარმომადგენლებისთვისაც. სამოქალაქო კლუბის წევრები გააგრძელებენ თანამშრომლობას ბათუმის საკრებულოსთან სკოლაში და თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. შეხვედრა გააშუქა ტელეკომპანიებმა: TV25, აჭარა“, „ერა“.