2015 წლის 13 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში თემის საჭიროების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა ლალი და თიკო უჩიძეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები.
გამოვლინდა, რომ მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას სასმელი წყლის არა რეგულარული მიწოდება და დაბალი ხარისხი, ინტერნეტის, ნაგავსაყრელის, ბუნებრივი აირის არარსებობა წარმოადგენს. ხოლო მოსწავლეებმა შემოუღობავი სკოლის ეზო, ბიბლიოთეკისათვის ფართის გამოყოფა, სოფელ ბოგაში მცხოვრები მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხები დაასახელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები და ა/ო საზოგადოებრივი განვითარების ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თითოეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ისაუბრებენ და კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებენ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად. მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს.
ა/ო საზოგადოებრივი განვითარების ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნუგზარ თათეშვილი მოსწავლეებს მხარდაჭერას დაპირდა, რაც გულისხმობს გარემოს დაცვის საკითხებზე მათთვის ინფორმაციის გაცნობას და სამომავლოდ ეკოლოგიურ ღონისძიებებში ჩართვას. გადაწყდა, რომ სამოქალაქო კლუბის წევრები შუამდგომლობით მიმართავენ ადგილობრივ თვითთმართველობას და შესაბამის უწყებებს პრობლემური საკითხებისა და მათი გადაჭრის პროცესში თანამშრომლობის თაობაზე.