ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ქართული ფუტკარი და მეფუტკრეობა;;. პროექტს წინ უძღოდა კვლევა პოპულარული და არაპოპულარული პროფესიების გამოსავლენად, რომელიც მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს.

გამოიკითხა 120 მოსწავლე. კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდებისთვის ყველაზე პოპულარულ პროფესიებად დასახელდა ჟურნალისტი, იურისტი და ფინანსისტი.

გამოკითხულთაგან არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია პროფესიები სოფლის მეურნეობის დარგებიდან. პარალელურად ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც გამოიკითხა 100 რესპოდენტი სოფელში საჭირო პროფესიების დასადგენად.

გამოვლინდა პროფესიონალი მეფუტკრის, ვეტექიმის, აგრონომის და დურგალის პროფესიები. მოსწავლეებმა ერთ-ერთ მათგანზე, მეფუტკრეობაზე შეაჩერეს ყურადღება და სოფლის მურნეობის აღნიშნული დარგის შესახებ მასალების შეგროვება დაიწყეს. მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და გეოგრაფიის მასწავლებელმა აკაკი თავდგირიძემ, რომელიც ამავდროულად პროფესიონალი მეფუტკრეა. 10 თებერვალს მოეწყო შეხვედრა თემაზე ,,გადავარჩინოთ ქართული ფუტკარი‘;. შეხვედრას აკაკი თავდგირიძე გაუძღვა. მან მეფუტკრეობის და მისი პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, წარმოადგინეს სოფლად ჩატარებული კვლევის შედეგები, რის შემდეგ გაიმართა დისკუსია ფინანსურად მომგებიანი პროფესიების შესახებ. ,,ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი მეფუტკრეობიდანაა. ბაბუას დიდი სიამოვნებით ვეხმარები ფუტკრის მოვლა-პატრონობაში. ვფიქრობ, რომ მეფუტკრე გამოვალ,;; – სთქვა შეხვედრის მონაწილე მოსწალემ ბაჩუკი შაინიძემ. ღონისძების ბოლოს აკაკი თავდგირიძემ მეფუტკრეობით დაინტრესებულ მოსწავლეებს საკუთარ მეურნეობაში პრაქტიკული საქმიანობის ჩვენებას შეპირდა.