2015 წლის 10 თებერვალს, პროგრამა ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, ციხისძირის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნათია შიბდიროვისა და სამოქალაქო კლუბ ,,სუფთა მწვანეს“ ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ნაადრევი ქორწინების თემაზე. კონფერენციას 70-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
ეს საკითხი პრობლემას წარმოადგენს სკოლისათვის, რადგან თემშიც და სკოლაშიც უმრავლესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელები შეადგენენ და ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როცა გოგონებს ოჯახის გადაწყვეტილებით ნაადრევ ასაკში ათხოვებენ. კონფერენციამდე მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა თემში, გამოკითხეს 40 რესპოდენტი, საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად ჩაწერეს ვიდეოინტერვიუები მოქალაქეებთან, მოამზადეს პრეზენტაციები.
კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები: სოფლის რწმუნებული, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, სოფლის ექიმი, პარტნიორი ორგანიზაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლები. კლუბის წევრებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ნაადრევი ქორწინების ნეგატიური ასპექტები, გაავრცელეს წინასწარ მომზადებული ფლაერები ,,ბედნიერება თუ?…“ მეორე ნაწილში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ამ პრობლემის შესახებ.
მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები დასმულ კითხვებზე, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. ნათია შიბდიროვი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ჩვენც და ბავშვებმაც ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე, ვიცით, რომ პრობლემის სათავე ოჯახურ ტრადიციებშია და ჩვენი შემდგომი შეკრება მშობლებისათვის ჩატარდება. ვმუშაობთ ახალგაზრდა გოგონასთან, რომელსაც სკოლა დაატოვებინეს, გაათხოვეს და სამ წელიწადში ოჯახი დაენგრა, გვინდა მშობლებთან მან ისაუბროს თავის პრობლემებზე. მხარდაჭერა გვაქვს სკოლის დირექციისაგან, სოფლის რწმუნებულისაგან. ლალი მჭედლიშვილი, სოფლის ექიმი: ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მიხარია, რომ სკოლა და მოსწავლეები თავად ჩაერთვნენ მის მოგვარებაში და ცდილობენ აამაღლონ თემის ცნობიერება ამ მიმართებით. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი