ნიჩბისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში განახორციელეს საქველმოქმედო პროექტი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებული ძეგვის ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციართა საახალწლო სურვილების შესრულებას ემსახურებოდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია პროექტის შესახებ გააცნეს მცხეთა – მთიანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სკოლის დირექციას და სკოლის ყველა მოსწავლეს თანადგომისთვის.

გამოცხადდა სამდღიანი აქცია შემოწირულობების შესაგროვებლად. სკოლის 200-მდე მოსწავლემ, პედაგოგებმა და დირექციამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ინიციატივას.

შეგროვდა სათამაშოები, ტანსაცმელი, მცირე თანხა საჩუქრების შესაძენად. 2014 წლის 29 დეკემბერს პროექტის მონაწილეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ძეგვის თავშესაფარს ეწვივნენ.

თავშესაფრის ბენეფიციარებს გადასცეს საჩუქრები, მიულოცეს დამდეგი დღესასწაულები, ისაუბრეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. „ჩვენი სკოლის მეცხერე კლასის თექვსმეტივე მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში და კარგი შედეგიც მიიღეს. პროექტი რამდენიმე დღეში განხორციელდა და სასურველ მიზანს მიაღწია. რაც მთავარია, მოსწავლეებმა შეძლეს სასიკეთო საქმეში წვლილის შეტანა და ამით მათი მოტივაცია, გააგრძელონ სათემო პრობლემების მოგვარება გაიზარდა“ – ნინო ხუციშვილი, ნიჩბისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. ძდექ-ის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი