სოფელ როხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სხივი“ წევრებმა დისტანციური სწავლის პერიოდში
წარმატებით განახორციელეს არაერთი შემეცნებითი აქტივობა. მათ შორის იყო ონლაინ შეხვედრები და კონფერენციები.

მოსწავლეები საინტერესო თემებზე სასაუბროდ საზოგადოებისთვის ცნობილ და ავტორიტეტულ პირებს იწვევდნენ და თავადვე წარმართავდნენ მოლაპარაკებებს, რაშიც პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შეძენილი უნარები ეხმარებოდათ.ჩატარებული ონლაინ შეხვედრებიდან აღსანიშნავია ონლაინ ჩართვა მწერალთან და დრამატურგთან ლაშა ბუღაძესთან, რომელიც ევროპის თემას შეეხო, კერძოდ: ევროპა და ევროპული მომავალი, ტრადიციები, საზოგადოების დამოკიდებულება ევროპის მიმართ. ამ შეხვედრის მიზანი ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა და მოსწავლეების ინფორმირება იყო.ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სამოქალაქო კლუბის წევრებს ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილ ჩაერთო, რომელიც ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა.

იგი მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მომავალ ფეხბურთელებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა. „მსგავს პროექტებში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა ჩემთვის, რაც მეხმარება თავდაჯერებული გავხდე და ბევრ შეკითხვაზე, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანს აინტერესებს, კვალიფიციური პასუხები მივიღო.

უამრავ საინტერესო ადამიანთან მოგვიწია კომუნიკაცია. მე და ჩემი მეგობრები დიდი ინტერესითა და მონდომებით ვარჩევდით საუბრის თემებს, შეხვედრების შემდგომ კი განვაგრძობდით მათზე მსჯელობას. კომპეტენტური ადამიანების რჩევები ჩვენი აზრების სწორად ფორმირებაში გვეხმარება“ – ამბობს თაკო ნინუა, სოფელ როხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტიური მონაწილე.