დაახლოებით რამდენ საათს ატარებენ მოზარდები ტელეფონთან, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან?რა დროს უთმობენ სპორტს/ფიზიკურ აქტივობას?როგორ მოქმედებს ციფრული ტექნოლოგიები მოზარდის ფსიქიკაზე?აღნიშნულ საკითხებზე მოსწავლეებმა გურიის პარტნიორი სკოლებიდან გამოკითხვა ჩაატარეს თანატოლებში. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ტელეფონთან,კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ექვს საათზე მეტს ატარებს, ფიზიკური აქტივობით კი საერთოდ ვერ კავდება ან მინიმალურ დროს უთმობს.

უმრავლესობა ვერ აცნობიერებს ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას და თავისუფალ დროს კვლავ კომპიუტერული თამაშებით, ვირტუალური მეგობრობითა და ფილმების ყურებითაა დაკავებული.კვლევის შედეგები შეაფასა და მოზარდებს რჩევები მისცა ფსიქოლოგმა თამთა დოლიძემ – ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებასთან. ეს არ არის მხოლოდ სწორი კვება ან ფიზიკური დატვირთვა, როგორც აღიქმება ხშირ შემთხვევაში.

ესაა ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება და ძილი, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა.დღევანდელ ეპოქაში წარმოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, მაგრამ დამოკიდებულება რომ არ მივიღოთ, საჭიროა ზომიერების დაცვა. თვითიზოლაციის პირობებში იზრდება კომპიუტერთან და ტელევიზორთან გატარებული დრო.

ციფრული ტექნოლოგიების მოხმარებას ვერ ავკრძალავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან დროის გარკვეული ლიმიტის შემოღება. თვითიზოლაციის პირობებშიც შესაძლებელია სასარგებლო რამის კეთება.