სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ამერიკელ სტუდენტს ჯორჯია მაკლეინს შეხვდნენ, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი თავის შესახებ მოუყვა, გაუზიარა საშუალო სკოლაში და კოლეჯში სწავლის გამოცდილება და საქართველოში ყოფნის მიზანიც გააცნო.შეხვედრაზე მოსწავლეებმა ენთუზიაზმით ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და იმ ზეგავლენაზე, რასაც სამოქალაქო განათლების სწავლება ახდენს მათ ცხოვრებაზე. მოსწავლეების მიერ განხილული თემები და შეკითხვები ეხმაურებოდა აქტიურ მოქალაქეობას, სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას და საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრის გზების ძებნას.

მოსწავლეებმა სტუმარს ბოლო დროს განხორციელებული პროექტებიც გააცნეს, მათ შორის მადლიერების დღისადმი ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია სოფლის სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების დასახმარებლად და ძალადობის და ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით გამოცემული ალმანახი, სადაც მოსწავლეების ნახატებს თან ახლავს ინფორმაცია შესაბამისი კანონების და პრობლემების პრევენციის შესახებ.

დასასრულს მოსწავლეებმა სტუმარს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისთვის და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.