ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სოფელ ჯუმის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და საინფორმაციო კამპანია გაიმართა ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე.სოფელ ჯუმის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი განახორციელეს, რომლის მიზანი ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირება იყო.სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათ გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე და ორგანული საკვების უპირატესობაზე კედლის გაზეთი მოამზადეს და სკოლაში გამოაკრეს.

ამავე თემაზე შექმნილი საინფორმაციო ბროშურები გაავრცელეს თემშიც, ხოლო სკოლაში, ასევე, მოაწყვეს სემინარი, ფილმის ჩვენება-განხილვა და ნახატების გამოფენა-კონკურსი.პროექტი ზუგდიდში ორგანიზებული გამოფენა – გაყიდვით დასრულდა, რომელზეც სოფლის ნატურალური, ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქტი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე მოსულ ზუგდიდის მოსახლეობას ბიოლოგიურად სუფთა საკვების შეძენისა და ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.ღონისძიებაში პროგრამის „მომავლის თაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.