სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის 2011 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დავაფუძნეთ კლუბი – “პირველები”. ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეეძლო ეგემა არაფორმალური განათლების სიკეთეები.

საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ვიკრიბებოდით კლუბისთვის გამოყოფილ ოთახში, სადაც უამრავ საინტერესო ინიციატივაზე, კანონზე, სამართალზე და უბრალო ყოველდღიურობაზე ვსაუბრობდით.სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გავიარე ტრენინგ-სემინარები ტრეფიკინგის, კონფლიქტოლოგიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ადვოკატირების, ტოლერანტობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. დამეთანხმებით, დაახლოებით 8 წლის წინ, მე-10 კლასელისთვის, ანუ ჩემთვის, ამგვარი ინფორმაციის შეთვისება, ანალიზი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ რამდენად დამეხმარებოდა პასუხისმგებლიან და კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.ჩემი, როგორც კლუბის ლიდერის პასუხისმგებლობაზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე რთული კლუბის წევრებით დაკომპლექტება, მათთვის მოტივაციის შექმნა და მხარდაჭერა იყო.

მხოლოდ დებატებით, დისკუსიებით ვერ დააინტერესებდი მაშინ ახალგაზრდებს და ვერც ახლა, ამიტომ გადავწყვიტე პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა, რაც ორმაგად გაგვზრდიდა პროექტების წერის, მართვის და გუნდური მუშაობის კუთხით. ჩვენ გავიმარჯვეთ.

დაიწყო ახალი ეტაპი-განხორციელება. იმ პერიოდში მსგავსი პროექტების ბენეფიციარებისადმი შემუშავებული აქტივობები მოიცავდა მხოლოდ ტკბილეულების, ტანსაცმელების მიტანას და ღიმილიანი ფოტოების გადაღებას. რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი ასეთი მიდგომისგან შორს იყო, გამოკლებით ღიმილიანი ფოტოებისა, რადგან გვეგონა რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში მსგავსი მიდგომა არაეფექტიანი იქნებოდა. პროექტის დაწყებამდე ვიყავით ურეხის ბავშვთა სახლში, სადაც თავად ვკითხეთ მათ, თუ რა იქნებოდა უმჯობესი აღნიშნულ ვითარებაში, ისინი სპორტული აქტივობების მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მნიშვნელოვანია, ამას ჩვენ განათლების კომპონენტიც დავუმატეთ, რაც ტრენინგ-სემინარებს მოიცავდა ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და განათლების დაუფლების მნიშვნელობის შესახებ. პროექტი 450 აშშ დოლარით დაფინანსდა. თანამონაწილეობითი ბიუჯეტის კომპონენტში აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმის სპორტსკოლის დარბაზი უსასყიდლოდ დაგვითმო, სპორტული აქტივობების მსაჯებმაც შრომა ანაზღაურების გარეშე გასწიეს. ეს წარმატებული პროექტი გამოდგა, რამაც კლუბის წევრები უფრო შეკრული და შედარებით დიდ მიზნებზე ორიენტირებული გაგვხადა.აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ორგანიზაცია PH International – ის მხარდაჭერა იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის ფასდაუდებელია, ისევე როგორც ყველა იმ თანამონაწილე ორგანიზაციისა, ვინც ამ პროცესში მონაწილებს. სამოქალაქო ჩართულობის დროს მიღებული გამოცდილება ყველა ფეხის ნაბიჯზე მეხმარება, როგორც მოქალაქეს, ასევე, დღეს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტსა და წამყვანს. აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ. საჭიროა ამ პერიოდიდან მოქალაქე სახელმწიფო პროცესებისგან არ იყოს დისტანცირებული და ქვეყნის მართვის კომპონენტში გაიაზროს ის, რომ მის მიმართ სახელმწიფო ანგარიშვალდებულია. ყველა მოსწავლეს გირჩევთ რომ არ დაიზაროთ კლუბის შეხვედრებზე სიარული, იყოთ უფრო მეტად აქტიურები, დაწეროთ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალური პროექტები, იზრუნოთ გარემოს გაჯანსაღებაზე. მჯერა, რომ არაერთი ბიუროკრატული მექანიზმი შეგხვდებათ, დოკუმენტები, ანგარიშ-ფაქტურები, და ბევრი რამ, რაც დაგღლით, მოტივაციას დაგიქვეითებთ, მაგრამ არ დანებდეთ, რადგან ეს პროცესები თქვენ ჩამოგაყალიბებთ სამაგალითო მოქალაქეებად, რაც პოზიტიურად აისახება თქვენს მომავალზე.საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტი და წამყვანი.