ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების დადგენის მიზნით. სკოლაში გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა გამოკითხვის შედეგები გააცნეს დამსწრე აუდიტორიას და იმსჯელეს სამართლებრივ საკითხებზე.

„მიუხედავად მრავალგზის განხორციელებული საინფორმაციო კამპანიებისა, მოსახლეობა კვლავ საჭიროებს განათლებას ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, რადგან კვლავ ხდება ოჯახში ძალადობა და ქალები ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან. ეს დაადასტურა მოსწავლეების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამაც.

აუცილებელია მოსწავლეებს სკოლაშივე მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე და ჩავრთოთ ისინი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში“ – აღნიშნა კლუბის მეურვემ და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ნონა ჭადაშვილმა.მოსწავლეების ინიციატივით მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც გავრცელდა სოფელში და სკოლაში, მოეწყო ნახატებისა და პლაკატების კონკურსი და გამოფენა თემაზე „არა ქალთა მიმართ ძალადობას“.