„მესამე წელი დაიწყო, რაც პროგრამაში „მომავლის თაობა“ ვარ ჩართული. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გავიარე ტრენინგები, დავესწარი ბევრ სამუშაო შეხვედრას, ღია გაკვეთილებს.

მიღებული ცოდნა და კოლეგების გამოცდილება კი ჩემს გაკვეთილებზე გამოვიყენე. განხორციელებულმა პროექტებმა ჩემს მოსწავლეებს თემში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები სხვა კუთხით დაანახა.

თუ დასაწყისში მოსწავლეები ვალდებულების გამო მონაწილეობდნენ პროექტში, დროთა განმავლობაში თავად დაიწყეს ფიქრი იმ პრობლემურ საკითხებზე, რისი მოგვარებაც თვითონ შეეძლოთ. ამან ხელი შეუწყო მათში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და უფრო მოტივირებულებიც გახდნენ.

დარწმუნდნენ, რომ მათ ასაკშიც შესაძლებელია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთება” – ამბობს ჯილდა ლომიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.