2015 წლის 3 ივნისს, პროგრამა ,,მომავლის თაობის ” ფარგლებში ჟინვალის და მისაქციელის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები ჯგუფური ვიზიტით საქპატენტს ეწვივნენ. ვიზიტში 21 მოსწავლე მონაწილეობდა.

ვიზიტი შედგა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. მასპინძლებმა მოსწავლეებს საინტერესო და სასარგებლო პროგრამა წარუდგინეს.

იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მანანა ფრუიძემ, ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი მიმოხილვისა და კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, ჯგუფს დაათვალიერებინა საქპატენტის შენობა, გააცნო სამსახურების ფუნქციები, აჩვენა საინტერესო ექსპოზიცია. მეორე პრეზენტაცია საავტორო უფლებებს მიეძღვნა.

ვიზიტში მონაწილეობდნენ პროგრამის ახალგაზრდა ბლოგერები და მათთვის საინტერესო კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა. დასასრულს, მოსწავლეებმა მიიღეს სერტიფიკატები. – მადლობა ჩვენს მასპინძლებს, გავიგეთ ბევრი რამ საქპატენტის ფუნქციებზე, გავეცანით მის მუშაობას, საინტერესო გამოფენა დავათვალიერეთ, გავიგეთ, როგორ რეგულირდება ინტელექტუალური საკუთრების საკითხები, რაც შემდგომში ჩვენც გამოგვადგება, – აღნიშნა სამოქალაქო კლუბის ,,არაგველები“ ლიდერმა მარიამ ჯაბნიაშვილმა. – საქპატენტში ვიზიტმა დადებითი ემოცია და, რაც მთავარია, საჭირო ინფორმაცია დამიტოვა. ჩემთვის, როგორც ბლოგერისთვის, მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია საავტორო უფლებების შესახებ, რასაც ჩემს შემდგომ საქმიანობაში გავითვალისწინებ, – აღნიშნა სამოქალაქო კლუბის ,,ფენიქსი“ ერთერთმა ლიდერმა მარიამ კაბულაშვილმა, რომელიც უკვე მეორედ გახდა ბლოგების კონკურსის გამარჯვებული. ძდექ-ის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი