ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე საგრანტო პროექტი „ჯანსაღი სხეული – ჯანსაღი სული“. პროექტის მიზანი იყო თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაკლებად არის ჩართული სპორტულ აქტივობებში.

ჭიდაობა სოფლის ერთერთი პოპულარული სპორტის სახეობაა, სოფელი ცნობილია მრავალი ტიტულოვანი მოჭიდავით. სწორედ ამ ტრადიციული სპორტის სახეობის განახლება და მეტი ახალგაზრდის ჩაბმა სპორტულ აქტივობებში იყო პროექტის მიზანი.

პროექტის ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე გამოიყო ადგილი, სადაც კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების გვერდით მოეწყო გარე სავარჯიშო მოწყობილობა. მოსწავლეების ინიციატივამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და მას მხარდამჭერებიც გამოუჩდნენ, რომლებმაც უსასყიდლოდ გადასცეს პროექტს სამშენებლო მასალები – ცემენტი, ქვიშა, ბაგირი და საღებავები, რამაც მთლიანობაში შეადგინა 562 ლარი.

ამ დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მეტი სავარჯიშო მოწყობილობის დამონტაჟება ვიდრე ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ჩაატარეს მეგობრული სპორტული შეჯიბრებები ალის, ნაბახტევის და გომის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით.