ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანატოლების ინფორმირების საკითხებზე სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს.იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიღრმავოს ცოდნა ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ, სკოლაში გაიმართა გამოფენა და კულინარიული კონკურსი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი სოფლის ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო კულტურები და ასევე არაჯანსაღი საკვები, რომელსაც ხშირად იყენებენ ახალგაზრდები.

კულინარიული კონკურსის მონაწილეებმა დაამზადეს კერძები და სტუმრებთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრეს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე.მანამდე, მცირე გრანტის პროექტის „ჯანსაღი კვება“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა ჯანსაღი კვების საკითხებზე, მოამზადეს პრეზენტაცია თანატოლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა საკვების მნიშვნელობაზე და კედლის გაზეთი ჰერბიციდების და პესტიციდების გამოყენების შესახებ, დაამზადეს ფლაერები და ჯანსაღი კვების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდის მიზნით გააზიარეს ეს ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით.