2015 წლის 13 ივლისს, ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ევრიკა“ წევრების ინიციატივით, დაბა ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობა თანატოლის, ქეთი ხოზრევანიძის დასახმარებლად.
ქეთის შესახებ სიუჟეტი ტელევიზიით გავიდა, მას მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული და მკურნალობისთვის და რეაბილიტაციისთვის საკმაოდ დიდი თანხა ესაჭიროებოდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ღონისძიებისთვის მზადება კონცერტამდე ერთი თვით ადრე დაიწყეს.
მოსწავლეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მხარდაჭერისთვის მიმართეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც შეიძინეს კონცერტის ბილეთები.
საკონცერტო ნომრების შესრულებისთვის მოიწვიეს ხელოვანი ადამიანები, რომლებმაც კონცერტში უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, სამოქალაქო კლუბების წევრებმა ითანამშრომლეს ხულოს დრამატული თეატრის ადმინისტრაციასთან და ხულოს ახალგაზრდულ ცენტრთან, რომლებმაც მოსწავლეებს აქტიური დახმარება გაუწიეს კონცერტის ორგანიზებაში. თეატრის ადმინისტრაციამ კონცერტის ჩასატარებლად უსასყიდლოდ დაუთმო დარბაზი. საქველმოქმედო კონცერტის წამყვანები სამოქალაქო კლუბის წევრები იყვნენ. კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, მომღერლები და დაბა ხულოში არსებული მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები. საქველმოქმედო კონცერტის შედეგად შეგროვდა 948 ლარი; თანხა მოზარდის დასახმარებლად გახსნილ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. კონცერტს ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. „ჩვენს კლუბს განხორციელებული აქვს არაერთი სამოქალაქო აქტივობა და საქველმოქმედო ღონისძიება, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება გამოირჩეოდა. მიხარია, რომ სამოქალაქო კლუბების წევრებმა შევძელით, შევაგროვეთ თანხა და გადავეცით ჩვენს თანატოლს, რომელსაც ეს თანხა სჭირდებოდა მკურნალობისთვის”- სთქვა სალომე ბოლქვაძემ, სამოქალაქო კლუბის ლიდერმა. ღონისძიება გააშუქეს ტელეკომპანიებმა – “აჭარა” და “TV25”.