2016 წლის 31 ივლისს, ბათუმის ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა ბათუმის სკოლის „შპს გიმნაზია 21-ე საუკუნე” მოსწავლეებისა და ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების მონაწილეებს და ბათუმის სტუმრებს საშუალება ქონდათ, პროექტის ბენეფიციარებთან ერთად დაემზადებინათ ხელნაკეთი ნივთები, ან შეეძინათ გამოფენაზე წარმოდგენილი სუვენირები.

ღონისძიებაზე „შპს გიმნაზია 21-ე საუკუნე”-ს და ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში იფუნქციონირებს სოციალური საწარმო. გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.

მოსწავლეთა პროექტი „განავითარე, შექმენი და გახდი წარმატებული“ დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რესურსების გამოვლენას და დამატებითი უნარ-ჩვევების განვითარებას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას წინ უძღვოდა ერთდღიანი ბანაკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ინტერაქტიული ლექციები ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების განვითარების საკითხებზე, ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერ-კლასები და ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებისათვის ტრენინგი ბიზნესის წამოწყების შესახებ. პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი. ღონისძიება გაშუქდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანიების „იმედი“ და „აჭარა“ მიერ.