ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მცირე გრანტის პროექტის მიზანი საზოგადოებაში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი გააქტიურების ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კვლევა ჩაატარეს თემში იმის დასადგენად, თუ რამდენად განიცდიდნენ დისკრიმინაციას ქალები.
კვლევის შემდეგ კი თავიანთი დამოკიდებულება მათ ნახატების, სლოგანებისა და ესეების კონკურსით გამოხატეს, რომელიც სკოლაში გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა აქტიურად ითანამშრომლეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან და რწმუნებულთან, გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელთან; შეხვდნენ ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველს, სახალხო დამცველის წარმომადგენელს, წარმატებულ ქალ დეპუტატებს და წარმატების ფორმულაზე ისაუბრეს მათთან.
სკოლის დისციპლინარულ კომიტეტთან, გენდერის მედიაცენტრის და ქალთა ოთახის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად ქალთა გააქტიურების შესახებ მემორანდუმიც გააფორმეს. ასევე, ჩატარდა საინფორმაციო აქცია და ქალთა უფლებების შესახებ თემში საინფორმაციო ბროშურები დარიგდა.
პროექტის მონაწილეებმა ვიდეორგოლიც მოამზადეს სათაურით „წარმატების გზაზე“ და წარმატებული ქალებისგან ინტერვიუები აიღეს. ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა ადგილობრივ მედიასთანაც და ადგილობრივ ჟურნალში პროექტის შესახებ სტატია დაიბეჭდა. ყველა ამ საინფორმაციო აქტივობამ კი თავისი შედეგი გამოიღო – პროექტის დახმარებით ქალებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს საკუთარი უფლებების შესახებ და უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, ასევე, შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ.მცირე გრანტის პროექტი „წარმატებული ქალი თანამედროვე ცხოვრებაში“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.