თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ბლოგების კონკურსში. მოსწავლეები აღწერენ ბლოგზე მუშაობის პროცესს.
ქეთევან კიკოლაშვილმა, X კლასის მოსწავლემ, ნომინაციაში „ახალგაზრდა ომბუდსმენი“ პირველი ადგილი დაიკავა. “ბლოგზე მუშაობისას ვცდილობდი მესაუბრა ისეთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია.
თითოეულ თემაზე ჩემს შეძენილ ცოდნას ვამატებდი სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე, რაც აქამდე ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი იყო. ბლოგზე მუშაობამ მასწავლა, რომ როცა ადამიანს უზღუდავენ უფლებას, ჩაგრავენ უმიზეზოდ, ჩვენ კი ამას ვხედავთ და არაფერს არ ვაკეთებთ, ყველაზე დიდი დამნაშავეები ვართ ჩვენ – საზოგადოება.
ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ადამიანის უფლებებით და ბევრს ვკითხულობდი ამის შესახებ, ბლოგზე მუშაობის პერიოდში კი სულ ამაზე ვფიქრობდი და ვსაუბრობდი, ამიტომ არამარტო კლასელები, არამედ მეგობრები და ოჯახის წევრებიც კი დავაინტერესე. იმის მიუხედავად, რომ კონკურსი დამთავრდა, მე არ ვაპირებ გაჩერებას და ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემს გარშემო მაინც მშვიდი გარემო იყოს და დავიცვა ადამიანის უფლებები“. ლელა ქოჩორაშვილმა, X კლასის მოსწავლემ, მეორე ადგილი დაიკავა ნომინაციაში „ბუნების დამცველი“. „ბლოგზე მუშაობისას უმთავრესად გამოვიყენე ჩემი პირადი გამოცდილება, ასევე ჩემი დაკვირვების შედეგები. მაგალითად, სკოლაში მეგობრებს დავაკვირდი და მათი ბუნებისადმი დამოკიდებულება გადმოვეცი პოსტის სახით. ჩემი პოსტები ასევე ასახავდა სკოლის მიღწევებს, იმ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ გარემოს დაცვასთან იყო კავშირში. ჩავწერე ინტერვიუები თემში, მათგან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე და, რა თქმა უნდა, მეც მივაწოდე მკითხველს გარკვეული სახის ინფორმაცია. საერთო ჯამში, ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ეს ყველაფერი ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მე ვთვლი რომ არც თუ ისე ცუდი ბლოგერი გავხდები და შევეცდები ასევე სხვა მოსწავლეებს ვასწავლო ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობა!“
დიანა გოგიაშვილმა, IX კლასის მოსწავლემ, მეორე ადგილი დაიკავა ნომინაციაში „ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი“. „მე ავირჩიე ნომინაცია ,, ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი“. ჩემს ბლოგზე განვიხილე ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ბევრ ახალგაზრდას აწუხებს – თამბაქო, ნარკომანია, არაჯანსაღი კვება, სპორტი, ჰიგიენა. სკოლის მოსწავლეებს ჩავუტარე ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რის შედეგადაც ჩემს ბლოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლაში. მოსწავლეებმა შექმნეს ჯგუფი ,,ჯანსაღი ცხოვრება ჩვენს გარშემო“, ისინი ყველანაირად ცდილობენ დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი და მოუწოდონ სხვებსაც ჯანსაღი ცხოვრებისაკენ. ჩემმა ბლოგმა დიდი გამოცდილება შემძინა, გავიგე უფრო მეტი, თუ რა არის საჭირო ჯანსაღი ცხოვრებისათვის, რა ზიანს გვაყენებს არაჯანსაღი ცხოვრება და რით შეიძლება გამოვასწოროთ ეს.“