მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრირების და ქართული ენის უკეთ შესწავლის ხელშეწყობას. „სკოლაში 400 მოსწავლეა, მათგან 300 ეთნიკურად აზერბაიჯანელი.
სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ოჯახში აზერბაიჯანელი ბავშვები მშობლიურ ენაზე საუბრობენ, თურქულ და აზერბაიჯანულ ტელეარხებს უყურებენ.
ზაფხულის არდადეგების დროს ნაკლები კონტაქტი აქვთ ქართულ ენაზე მოსაუბრე ბავშვებთან. ეს კი შემდგომში სწავლის ხარისხზე მოქმედებს“ – სთქვა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნათია შიბდიროვმა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტის ფარგლებში, სკოლაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა. სკოლის რესურს ოთახში კვირაში ორჯერ იკრიბებიან აზერბაიჯანელი მოსწავლეები, უყურებენ ქართულ ფილმებს და მულტფილმებს. მოსწავლეები პედაგოგების დახმარებით ჯერ ფილმის შინაარსის გაგებაზე მუშაობენ, უცნობი სიტყვების განმარტებებს იღებენ, შემდეგ უკვე თავიანთ აზრს გამოთქვამენ. პედაგოგები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს და აქტივობებს, რომ შეხვედრები სახალისოდ წარიმართოს და მოსწავლეებმა კომუნიკაციის პრობლემა დაძლიონ. მონიტორინგისთვის დროდადრო ტესტირება ტარდება. „ჩემი ზაფხულის შვებულება სიამოვნებით დავუთმე ამ პროექტს. მიხარია, რომ დირექტორისგან, კოლეგებისგან სრული მხარდაჭერა მაქვს. ჩვენ აგვისტოს შუა რიცხვებამდე ვიმუშავებთ. პროექტში აქტიურად არის ჩართული უფროსკლასელი ჰეგანა მამედოვა, რომელიც პატარებს მშობლიურ ენაზე უხსნის ქართული სიტყვების მნიშვნელობას. ჰეგანა აქტიური მოსწავლეა და პროგრამის საზაფხულო ბანაკის მონაწილეა. ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას“_ ამბობს ნათია შიბდიროვი.