2017 წლის 7 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა მცირე გრანტის პროექტის „ჩხუტუნეთის მატერიალურ-კულტურული ძეგლის – ქვის საწნახელების პოპულარიზაცია“ დასკვნითი ღონისძიება, სადაც შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. პროექტის მიზანია იყო ჩხუტუნეთის სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლების – ჭონჭყოს და მერეს საწნახელების დასუფთავება, ძეგლთან მისასვლელი ბილიკის მოწესრიგება და ძეგლების პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ტურისტულ კომპანიასთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა გააკეთეს შესრულებული საქმიანობის პრეზენტაცია და დამსწრე სტუმრებს პროექტის ფარგლებში დამზადებული საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ტურისტული კომპანია „მერიდიანი 42“ის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების დირექტორი და წარმომადგენლები, ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.