კასპის გიმნაზიის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი “ჩვენ ერთნი ვართ!”. პროექტის მიზანი იყო კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა თემში კვლევა ჩაატარეს, გამოიკითხა 200-მდე რესპოდენტი. შედეგად გამოიკვეთა მათი საჭიროებები – კასპში არ არსებობს დღის ცენტრი, არ არის რაიმე სივრცე, სადაც მათ შეეძლებათ უნარების განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრირება.

მოსწავლეთა ინიციატივას მხარდამჭერები გამოუჩნდნენ – სკოლის ადმინისტრაციამ გამოყო ოთახი, სადაც შეიქმნა შშმ ბავშვებისათვის ინტეგრირებული გარემო. პროექტის ფარგლებში, შეიძინეს ავეჯი და საკანცელარიო ნივთები.

გიმნაზიის დირექციის დახმარებით, იმავე სართულზე გაკეთდა შშმ პირთათვის ადაპტირებული საპირფარეშო. პროექტის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ხატვის, ძერწვის გაკვეთილები, მოეწყო მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა, მათმა მშობლებმა, გიმნაზიის მოსწავლეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შშმ პირთა საგაკვეთილო პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა ფსიქოლოგი, გიმნაზიის კურსდამთავრებული ელენე ხეჩუაშვილი. სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემის წევრები. კასპის შშმ პირთა კავშირის თამჯდომარემ ბატონმა დავით პარკაძემ და თემის წევრებმა პროექტის მონაწილე შშმ ბავშვებს გადასცეს საჩუქრები, ხოლო ქეთი ბიჭიკაშვილს, რომელმაც წელს ეროვნული გამოცდები ჩააბარა, სწავლის საფასურის 500 ლარით თანამონაწილეობას დაპირდნენ. ორგანიზაცია „სანთელ საკმეველის“ წარმომადგენელმა, ქალბატონმა ლელა გიგოლაშვილმა, ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა. გიმნაზიის დირექციამ კი პროექტის მონაწილე ყველა ბავშვი წიგნებით დაასაჩუქრა და ასევე სერტიფიკატები გადასცა. მომავალი სასწავლო წლიდან გიმნაზიაში გაიხსნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა კლუბი, სადაც კვირაში ერთხელ, წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ბავშვებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის გაკვეთილები, დაიგეგმება ექსკურსიები და ღონისძიებები. კლუბი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს დაეხმარება სხვადასხვა უნარების განვითარებაში. „ ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და თუ გავერთიანდებით, შევძლებთ ამ ბავშვების ცხოვრების გალამაზებას – სთქვა კასპის გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა. ადაპტირებული გარემო კასპის შშმ ბავშვებისთვის კასპის გიმნაზიაში შეიქმნა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. მოსწავლეთა პროექტი „ჩვენ ერთნი ვართ!“ დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ. პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.