2016 წლის მარტში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, კონკურსი – „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“ გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „დემოკრატიის კვალდაკვალ“ წევრმა რუსუდან ზედგინიძემ მიიღო.
მან საკონკურსოდ ეკოლოგიის თემა აირჩია, სახელწოდებით „ჩემი ქვეყნის სისუფთავე, ჩემით იწყება“ და კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შეადგინა. ამავე სახელწოდებით შექმნა ფეისბუქის გვერდი და აქტიურად დაიწყო დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება.
რუსუდანმა მხარდაჭერისთვის სოფლის გამგებლის თანაშემწეს, ბ-ნ ზვიად ინასარიძეს მიმართა და სოფლის დანაგვიანებული ადგილების დასუფთავების და მწვანე საფარის ნაკლებობის საკითხებზე ესაუბრა. შედეგად, გამგეობამ სამოქალაქო კლუბს გამწვანების აქციისთვის ხის ნერგები გადასცა.
სოფელ ზველში, გამწვანების აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა, შემდეგ კი განხორციელდა დასუფთავების და გამწვანების აქციები, რომლებსაც შეუერთდა სოფლის მოსახლეობა, სკოლის ადმინისტრაცია, თემის თვითმმართველობა. პროექტის პოპულარიზაციისთვის, კლუბის მიერ დამზადდა თემატური ბანერები, სოფლის ცენტრში მოეწყო ფლეშმობი, სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია გარემოს დაცვის საკითხებზე და დაიდგა მინი სპექტაკლი. ყოველივე ეს შეუმჩნეველი არ დარჩა მედიას. რუსუდანი მიიწვიეს რადიოს “სამხრეთის კარიბჭე” ახალგაზრდულ გადაცემაში „სტუმრად ვაკოსთან“ მონაწილეობის მისაღებად, სადაც მან ისაუბრა პროექტის შედეგებზე. http://sknews.ge/index.php?newsid=8601№.VyxANoR97IV
ბუნებაზე ზრუნვა კვლავ გრძელდება. ადგილობრივ თვითმმართველობასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად სოფელ ზველში მალე ნაგვის ურნები დაიდგმება. სამომავლოდ, საზოგადოებაში ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეების მიერ იგეგმება გარემოს დაცვითი აქციები და ვიდეო რგოლების მომზადება ბუნების დაცვის საკითხებზე.