სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის შესახებ თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს.სკოლაში უფროსკლასელი მოსწავლეების ანონიმური გამოკითხვა ჩატარდა, თუ რამდენად ფლობდნენ ისინი ინფორმაციას ძალადობის შესახებ.

მოსწავლეები შეხვდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს შიდა ქართლში, სამართალდამცავსა და ფსიქოლოგს და მათთან ერთად ისაუბრეს ძალადობის სახეებზე, ფორმებზე და გადაჭრის გზებზე – თუ ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში და როგორ ისარგებლონ ცხელი ხაზით.აღნიშნულ თემაზე სკოლაში ნახატების, სლოგანების, კედლის გაზეთების კონკურსიც გამოცხადდა.

საუკეთესო ნამუშევრები საჯაროდ გამოიფინა. მოეწყო, ასევე, ფილმის ჩვენება-განხილვა, მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები.

ძალადობის თემაზე მოსწავლეებმა ფორუმთეატრი, როლური თამაშები და ფლეშმობიც მოამზადეს. „მიუხედავად არსებული ინფორმაციისა, მაინც ვხვდებით ძალადობის გამოვლინებებს როგორც სკოლაში, ისე თემში.

მართალია, ძალადობა მუდამ იგმობა ტელევიზიებიდან თუ სოციალური რეკლამებიდან, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება, სამწუხაროდ, დიდად არ იცვლება. ამიტომ ჩვენი პროექტი მართლაც აქტუალურია. მისი განხორციელებით მოსწავლეებმა ყველა სახის ძალადობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მის მიმართ ბუნებრივი პროტესტის გრძნობაც გაუჩნდათ. ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები მოძალადეები არასდროს გახდებიან” – ამბობს მაია ტიტვინიძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.მცირე გრანტის პროექტი „ჩემი სკოლა ძალადობის გარეშე” განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.