2015 წლის 6 მაისს, საბურთალოს ქუჩის ერთ-ერთ სკვერში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსში „ჩემი დედამიწა“ მონაწილე მოსწავლეების ფოტოების გამოფენა მოეწყო. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ ფოტოკონკურსში თბილისის 20-მდე სკოლის 25-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის შედეგად სულ 6 გამარჯვებული გამოვლინდა, აქედან, 3 ჟიურიმ აარჩია, ერთი სოციალურ ქსელში მოწონების პრინციპით შეირჩა, ხოლო ორი ფოტოს ავტორი საბურთალოს რაიონის გამგეობამ გამოავლინა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დააჯილდოვა. გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ პროგრამის მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს.

აქცია შპს „თბილსერვისჯგუფის“ დახმარებით ჩატარდა. მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეები უნიფორმებით შემოსეს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა სკვერის გალამაზებაში.

სკვერში მდებარე კომბინირებული სასრიალო მოწყობილობა „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებმა წყლის ჭავლით გარეცხეს. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრი მოსწავლეები და საბურთალოს რაიონის გამგებელი შეთანხმდნენ, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება და ახალგაზრდები დედაქალაქის დასუფთავებაში მიიღებენ მონაწილეობას.